„ჰოლივუდის ვარსკვლავიდან უსახლკარომდე“: ვინ არის ეს გასუქებული და გაღატაკებული კაცი, რომელიც კალიფორნიის ქუჩებში დაბორიალობს?

52 წლის მამაკაცი, რომელიც კალიფორნიის ნაგავსაყრელებში ეძებს საკვებს, ჰოლივუდთან კავშირს არცთუ ადვილად აღძრავს. თუმცა, მისი ახალგაზრდობის ფოტოები მრავალი ცნობილი ვარსკვლავის გვერდით შეგიძლიათ იხილოთ. მისი ოჯახის წევრები? მისი უფროსი ძმა ჯოშ ბროლინი, მამა ჯეიმს ბროლინი და დედინაცვალი – თავად ბარბრა სტრაისანდი.
ჯესი ბროლინი დაიბადა მსახიობ ჯეიმს ბროლინისა და მისი მეუღლის, ჯეინის ოჯახში, რომელიც კასტინგის დირექტორი და ეკოაქტივისტი იყო. ჯერ ჯოში დაიბადა, ოთხი წლის შემდეგ კი – ჯესი. ჯეიმსისა და ჯეინის რომანი ელვის სისწრაფით განვითარდა – ისინი შეხვდნენ და მხოლოდ 12 დღის შემდეგ დაქორწინდნენ. მათი თანაცხოვრება 18 წელს გაგრძელდა და 1984 წელს განქორწინებით დასრულდა.
1995 წელს ტრაგედია დატრიალდა – ჯეინი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. იმ დროისთვის 23 წლის ჯესიმ დედისგან მემკვიდრეობით დიდი ქონება მიიღო, რაც, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში საარსებოდ ჰყოფნიდა. 1990-იან წლებში მან კინოსამყაროში ადგილის დამკვიდრება სცადა და რამდენიმე პროექტზე ასისტენტად იმუშავა. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, მისი კარიერა არ შედგა. ბოლო ფილმი, რომელზეც იმუშავა, 2002 წელს გამოვიდა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ჯესი ამჟამად სოციალურ სამსახურთა დახმარებით მოტელში ცხოვრობს. ხოლო მისი მილიონერი ნათესავები? მამა და ძმა მდიდრულ ვილებში ბინადრობენ და არაერთი უძრავი ქონება აქვთ.
თუმცა, როგორც ჩანს, ჯოშ ბროლინი ცდილობს ძმასთან კავშირი არ გაწყვიტოს. არსებობს ფოტო, სადაც ძმები ერთად არიან აღბეჭდილნი – იმ დროს, როცა ჯესი უკვე უსახლკაროდ დარჩა.
ყოველ ოჯახს ჰყავს „შავი ცხვარი“. მაგრამ, რადგან ჯესი ბროლინს არც ნარკოდამოკიდებულება და არც ალკოჰოლიზმი არ გამოუვლენია, სავარაუდოა, რომ მისი ცხოვრებისეული სირთულეები უფრო ღრმა ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება.